პროექტი, „გმირის დღე“ თერჯოლაში
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის, „გმირის დღე“ ფარგლებში მოწყობილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე, რომელიც სოფ. სიმონეთის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, როლანდ ისაკაძემ და ომარ ნიშნიანიძემ ორი მნიშვნელოვანი ისტორიულ-ლიტერატურული თემა წარადგინეს.
ისტორიკოსებმა პრეზენტაციაზე თემები, „ბაგრატ მესამიდან ღვანკითელ ბაგრატიონებამდე“ და „დავით კლდიაშვილის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები“ განიხილეს.
პროექტი „გმირის დღე“ მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ისტორიული გმირების, ქართველი მწერლების, ლიტერატურული პერსონაჟების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას ბავშვებსა და მოზარდებში.